ამაღლების ქუჩა



სოლოლაკელი მეწაღე (ეკა მაზიაშვილის ინტერვიუ )
მოკლედ, თუკი გაგიფუჭდათ ფეხსაცმელი, ან მისი რესტავრირება გსურთ მიაკითხეთ ერთ ქალაქელ "კაი ტიპს", თბილისელ მეწაღეს, თავისი საქმის პროფესიონალს, სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე №13, 63 წლის იურას. მე მინდა მოგიყვეთ ერთი ჩვეულებრივი "საპოჟნიკის" იური კოლოსკოვის შესახებ,რომელსაც სოლოლაკში ყველა იცნობს. მისი ე.წ. საამქრო, კიბეებით ჩასასვლელ სარდაფში მდებარე ერთი ბნელი, პატარა ოთახია... ამის მიუხედავად ცნობილ იურასთან მისვლა მაინც ყველას უყვარს - ვინ აღარ იყრის მასთან თავს საქმეზე თუ ისე, მეგობრულად - თავისი საქმის ოსტატი საუბარშიც ენაწყლიანია, თუმცა, თავმდაბალი - ყველას უარს ეუბნება ინტერვიუს ჩაწერაზე - "რაღა მე ამირჩიეთ, განა ჩემზე უკეთესები ცოტანი არიანო?"
- გამარჯობა, როგორ ხართ, ბატონო იური?
- კარგად.
- ბ-ნო იური, სპეციალობით ვინ ბრძანდებით?
- სპეციალობით _ ინჟინერი, 1972 წელს დავამთავრე ერევნის კარლ-მარქსის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტყავის ტექნოლოგიის სპეციალობით. სკოლა კი თბილისში დავამთავრე, 33-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ხეთაგუროვის ქუჩაზე, შემდეგ ეს სკოლა დაანგრიეს და მედიკების სახლი ააშენეს.
- კი მაგრამ, ინჟინერმა კაცმა მეწაღეობა რატომ დაიწყეთ, თქვენი სპეციალობით ვერ იშოვეთ სამსახური?
- 1991-92 წლებში, მაშინ, როცა თბილისში ომი და უბედურება იყო, არც პენსია მქონდა და აღარც სხვა ელემენტალური შემოსავალი. ფეხსაცმლის კერვა თვითონ ჩემი საქმეა, რაც ინსტიტუტი დავამთავრე, მას შემდეგ სულ ტყავზე და ფეხსაცმელებზე ვმუშაობდი. ვმუშაობდი რიყეზე, მოდელური ფეხსაცმელების ფაბრიკაში, მისი დაარსების დღიდანვე, ეს იყო 1972 წელს. ფაბრიკის ერთი ნაწილი რიყეზე მდებარეობდა, მეორე _ კახეთის გზატკეცილზე. თავიდან საგამომჭრელო საამქროში გამიშვეს ტექნოლოგად, 8 თვის შემდეგ ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად გადამიყვანეს. ერთი პერიოდი ფინანსურად გამიჭირდა და შემომთავაზეს საყოფაცხოვრებო საამქროში გადასვლა. რაღაც მომენტში ბათუმის ტყავ-ფესაცმლის გაერთიანებაშიც ვიმუშავე, რომელიც, 1980-იან წლებში დაიწვა და 1987 წელს ამ კომბინატის აღდგენით სამუშაოებზე გამიშვეს, აღდგენის შემდეგ იქვე დამტოვეს, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე აჭარის ხელისუფლად ასლან აბაშიძის მოსვლამდე. ასლანმა მოსვლისთანავე გამოაცხადა: „აჭარა აჭარლებსო!“ ამ მოტივით გამოგვიშვეს იქიდან ე.წ. არააჭარლები, თბილისელები...… ფაბრიკა დაანგრიეს, ხოლო ტექნიკა თურქებს კაპიკებში მიყიდეს.
- თქვენ სოლოლაკელი ხართ?
- არა, ხევისუბნელი. სოლოლაკთან შეხება 60-იანი წლებიდან მაქვს, აქ ბევრი მეგობარი მყავს , მერე სოლოლაკის სიძეც გავხდი, ჩემი მეუღლე მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა, 9 წელიწადია, რაც სოლოლაკში ვმუშაობ მეწაღედ, ოჯახს ამით ვარჩენ, მაგრამ მე მაინც ჩემს ხევისუბნელად ვრჩები.
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- მყავს ორი ვაჟი, უმცროსი გერმანიაშია, უფროსი აქ ცხოვრობს, ვეტერინარია, ოღონდ თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია. მყავს 16 წლის შვილიშვილიც.
- თქვენს კლიენტურაზე რას გვეტყვით, ვინ დადის თქვენთან, ცნობილი ადამიანები თუ გსტუმრობენ ხოლმე?
- იცით, მე არ ვაკვირდები, მაგალითად პოლონეთის ელჩი დადის ხშირად ფეხსაცმლის შესაკეთებლად, ხან -შესაკერად... მისი ვინაობაც მაშინ შევიტყე, როცა პოლონეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა, რის გამოც იგი ხშირად ჩანდა ტელევიზორში. ასევე აზიაცკებს ვუკერავ ჩოხოსნების გარკვეულ ნაწილს. აზიაცკებს მე მამა-პაპური მეთოდით ვკერავ -მხოლოდ ერთი ნაკერით. ერთხელ კაცი მოვიდა ჩემთან და აზიაცკები შემიკვეთა, თურმე მოსკოვში უნდა წაეღო თავის ბიძაშვილთან. ეს არ ვიცოდი. რამდენიმე თვის შემდეგ ეს კაცი ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: ერთი მითხარი, ის აზიაცკები როგორ შეკერეო? ჩემს ბიძაშვილს მეორეც უნდოდა და მოსკოვში მსგავსი ვერავინ შეკერა, ვერც მიხვდნენ, როგორ იყო შეკერილიო... აზიაცკებს საერთოდ ერთი ნაკერი უნდა ქონდეს უკან...
აი ასეთი უბრალო და თავმდაბალი ადამიანია ბატონი იური კოლოსკოვი ან უბრალოდ "საპოჟნიკი" იურა.

Комментариев нет:

Отправить комментарий