გერონტი ქიქოძის ქუჩა


                     
თამუნა გიორგაძე

XI კლასი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
მე ამ ქუჩაზე ვცხოვრობ! 


პატარააო ქიქოძის ქუჩა, რომ მეტყვიან, მეღიმება ხოლმე...  პატარაა კი, მაგრამ თუ ცოტას დაუკვირდები, არ შეიძლება ვერ შენიშნო, როგორ ცოცხლდება აქ დიდი ისტორია.
დავიწყოთ იმით, რომ ქიქოძის ქუჩა თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. აქაურობა მუზეუმს მოგაგონებთ. შენობების უმრავლესობა ნაძერწი, რელიეუფური გამოსახულებებითაა დატვირთული... სკულპტორებს საოცარი ოსტატობით გაუშეშებიათ ქვებზე უცნაურად მეტყველი ადამიანთა თუ ცხოველთა სახეები... სირბილე იგრძნობა მაგარი ქვის ყვავილებსა და ორნამენტებში...
თავი გავანებოთ ქუჩის ვიზუალურ მშვენიერებას (თუმცა კი ბევრი შეიძლება ვისაუბროთ მასზე) და ცოტა უფრო შორს წავიდეთ... პირველი შთაბეჭდილება ამ ქუჩის შესახებ აუცილებლად გაიძულებთ, გაიმახვილოთ მზერა..
ტყუილად არ მითქვამს, ისტორია ცოცხლდება ამ ქუჩაზე–მეთქი!
უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ქიქოძის N4–ში  



მდებარე, ამჟამად 50–ე სკოლის შენობა. სამსართულიანი სახლი ორსართულად განლაგებული მშვენიერი აივნებით. ალბათ, იცით, აქ იყო განთავსებული სათავადაზნაურო გიმნაზია, ის გიმნაზია, რომლის დაარსებისთვისაც ილია ჭავჭავაძესა და სხვა ქართველ მოღვაწეებს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდათ. XX საუკუნის დასაწყისში სათავადაზნაურო გიმნაზიის „ნანგრევებზე“ დაარსდა მე–14 შრომის სკოლა. აქ მოღვაწეობდა იაკობ გოგებაშვილი, ნიკო კეცხოველი... ხშირად სტუმრობდა სკოლას თავად ილია ჭავჭავაძეც... 1918-1921 წლებში სკოლაში ფუნქციონირებდა ფრანგული საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში კი იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა. მან ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში და პარიზში დაბრუნებისას თავისი მოგზაურობის დაწვრილებითი აღწერილობა გამოსცა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში საფრანგეთის საკონსულო. იგი რუსული ხელისუფლების პატრონმაჟით სარგებლობდა. გამბა მეგობრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და მის წინანდლის სახლსაც კი სტუმრობდა. ჩაუვლით დღეს ამ შენობას და თავისდაუნებურად წარმოიდგენთ, როგორ დადიოდნენ ამ ქუჩაზე ეს ბუმბერაზი ადამიანები, აი ასე, თქვენსავით! ამ სკოლაში ასწავლიდნენ საქართველოს საამაყო შვილები: კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, აკაკი შანიძე. აღარ დავიწყებთ კურსდამთავრებულთა სიის ჩამოთვლას. 
აქ მძაფრად იგრძნობა დიდი რეპრესიების სევდა... ქიქოძის N9... შენობა არც თუ        
ისე გამორჩეულია... პირქუში, სწორკუთხოვანი კედლები, მშრალი ორნამენტებით. ხის კარი, რკინის ჩუქურთმებით, რომლის სიღრმეშიც უზარმაზარი, დახვეული, საკმაოდ ლამაზი და უცხო ჭრილის საფეხურების მქონე კიბე მოჩანს... თუ თვალი შემთხვევით მიგიწვდა ამ სიღრმეს, დგახარ და ფიქრობ... რატომ გეცნობა? რატომ იწვევს უცნაურ განცდას ეს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სადარბაზო? და გახსენდება... თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. თითქოს არც ისე მნიშვნელოვანი კადრი – როგორ არბის დახვეულ კიბეზე ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი ნინო... გახსენდება მისი განცდები... ცივი, შიშნარევი ჩურჩულით წარმოთქმული „წაიყვანეს ელენე!“... გახსენდება ეპოქა და... დიახ! ცოცხლდება ისტორია!... გაივლი ორიოდე ნაბიჯს. N11–ის
უზარმაზარი სახლი... არა – სასახლე!!! ამ ქუჩას მართლაც რომ ამკობს იგი ლომისთავებიანი მკაცრი ფასადითა და საოცარი სილამაზის აივნებით...
 მაგრამ მოდით, აქაც უფრო შორს მივაპყროთ ჩვენი მზერა... მემორიალური დაფა: „ამ სახლში ცხოვრობდა ევგენი მიქელაძე... ’’ ბრწყინვალე დირიჟორმა სწორედ აქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. დიდი ხელოვანი, რომელიც რეპრესიებმა იმსხვერპა. ისევ ეს შავბნელი ხანა არ ტოვებს ქიქოძის ქუჩას... მეორე მემორიალური დაფა ამავე სახლის კედელზე – „ფილიპე მახარაძე... ’’ თუ დააკვირდებით თარიღებს (ამ სახლში გატარებული დროის მონაკვეთებს) ორივე მემორიალურ დაფაზე, აღმოაჩენთ, რომ ევგენი მიქელაძე და ფილიპე მახარაძე ერთსა და იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ აქ, ერთ სახლში, ერთად! საინტერესოა არა?!
      კარგი, შევეშვათ ამ ამბავს, მაგრამ ნუ მოვშორდებით N11–ს! კარგად დავაკვირდეთ, დავფიქრდეთ, გავიხსენოთ... ნუთუ არ გაგონდებათ „ჭრიჭინას“ მხიარული კისკისი? გენიალური ლეილა აბაშიძის კინოროლი! სწორედ ამ სახლში იყო „ჩამოსული სტუმრად“ ბიძასთან ცელქი ჭრიჭინა! ამ სახლიდან გამოიქცა და ამ სახლის ეზოში შეხვდა დაბნეულ შოთას, რომელიც „უწყინარი“ ტყუილით ნაწყენი დატოვა. :)) ამ ქუჩაზე ცოცხლდება ეს ფილმიც... ამ ქუჩას შეუძლია თავი გაგრძნობინოთ მუზეუმში, მოგგვაროთ ღიმილი, გაგაკვირვოთ ხელოვნების სიჭარბით, გადაგიშალოთ საქართველოს ისტორიის ყველაზე საამაყო და მტკივნეული გვერდებიც კი!...

      ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა - ყოფილი მანთაშევის სახლია. გადმოცემით, მანთაშევმა იგი თავისი ქალიშვილისათვის ააშენა. აივნების მოაჯირებზე ჯერაც არის შენარჩუნებული ქალის სილუეტი. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო ხელოვნების მუშაკთა სახლი, ხოლო ამჟამად - შ. დადიანის სახელობის კულტურის სახლი.
ქიქოძის 4-ში დგას სოლიდური, ყვითელი ფერის შენობა. ამჟამად ეს 50-ე სკოლაა. 1918-1921 წლებში სკოლაში ფუნქციონირებდა ფრანგული საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში კი იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა. მან ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში და პარიზში დაბრუნებისას თავისი მოგზაურობის დაწვრილებითი აღწერილობა გამოსცა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში საფრანგეთის საკონსულო. იგი რუსული ხელისუფლების პატრონმაჟით სარგებლობდა. გამბა მეგობრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და მის წინანდლის სახლსაც კი სტუმრობდა.  
  
                                                                                       
      ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა და ცხოვრობს ახლაც, ვნახოთ რას მოგვითხრობს ჩვენი პროექტის მონაწილე ნოდარ ფხალაძე 


შეხვედრა ძმებ ამირანაშვილებთან.
სოლოლაკი. ქიქოძის ქ. 11
ეს შეხვედრა  მე და თამარმა ერთად ჩავიწერეთ . ერთი ძმა, ალექსანდრე, ჩემი მეზობელია, მეორე, არჩილი კი - თამარის. ისინი მკვიდრი სოლოლაკელები არიან, დაიბადნენ და გაიზარდნენ ე.წ. ფილიპე მახარაძის სახლში. ისე გამოდიოდა მეც იგივე უნდა მეკითხა რაც თამარს და ძმებსაც დაახლოებით ერთი და იგივე ისტორიები უნდა მოეყოლათ ცალკ-ცალკე. ამიტომაც ერთად მისვლა გადავწყვიტეთ. ინტერვიუ ჩაწერილია მათ სახლში, სადაც ბევრი ძველებური ნივთი და სურათია. ძმებმა სოლოლაკთან და ძველ თბილისთან დაკავშირებული ბევრი ისტორია გაგვანდეს და გაიხსენეს.



აქვე გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუებს, რომელიც  მე ჩავწერე, დიდი მადლობა ჩემ რესპონდენტებს ძალიან საინტერესო საუბრისატვის , მე მახარებს , რომ ვცხოვრობ სოლოლაკში, ასევე ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროექტის იდეას და განხორციელება, გმადლობთ 
                                                                    მე-11 კლასის მოსწავლე ნოდარ ფხალაძე 

Комментариев нет:

Отправить комментарий